17 Sept 2012

My Sending EVS story in Latvia

ეს ამბავი ალბათ ზოგადი სტატისტიკისთვის ერთი უბრალო წარმატებული EVS პროექტის ისტორიაა და თავისუფლად შეიძლებოდა ის სრულიად ბანალური და მზა ფრაზებით გადმომეცა, მაგრამ მე მინდა მოგითხროთ უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ საშუალო სტატისტიკური ამბავი EVS-ის შესახებ.
მე 9 თვე ვიცხოვრე და ვიმუშავე მოხალისედ ლავტვიაში, ქალაქ ადაჟიში. თავიდან ჩემი მოვალეობა იყო მემუშავა ადაჟის თავისუფალი ვალდორფის სკოლის საბავშვო ბაღში. დაახლოებით სამი თვე ჩემს ძირითად საქმე სწორედ ეს იყო. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ აქამდე არანაირი შეხება არ მქონდა სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან და მითუმეტეს მთელ ჯგუფთან. პირველივე დღიდან ჩემი პატარა მეგობრები გახდნენ ჩემი მასწავლებლები. ვალდორფის პედაგოგიკა განსხვავდება სხვა მეთოდოლოგიებისგან და ამიტომაც თავიდან ხშირად შეცდომებს, მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნე ჩემი პატარა მეგობრები შემისწორებდნენ ხოლმე და მაჩვენებდნენ რა როგორ გამეკეთებინა. მათ ეს ყველაფერი უკვე კარგად იცოდნენ, რადგან ყოველივე ეს მათი ცხოვრების წესი იყო. ასევე ძალიან დამეხმარნენ ლატვიური ენის შესწავლაში. არასოდეს დამავიწყდება, როგორ მოვიდა ერთხელ ჩეთან 4 წლის სილვი, როდესაც მე ხისგან ჩაქუჩებს ვთლიდი და დაიწყო თავის ოჯახზე ლაპარაკი. ამ დღის შემდეგ მე თავისუფლად შემეძლო ოჯახის წევრებზე საუბარი და მათი წარდგენა ლატვიურ ენაზე, ბონუსად კი ვისწავლე როგორ არის ჩაქუჩი ლატვიურად -
Āmurs.

ამ პერიოდში სკოლის მოსწავეებს ვასწავლიდი ქართულ ცეკვას და დიდი წარმატებით დავდგით ოსური ცეკვა. რამდენიმე თვეში გადავწყვიტე ბედი სკოლაშიც მეცადა და პირველი მცდელობა იყო მეოთხე კლასში, ხელმძღვანელის დამხმარედ მუშაობა. ამის შემდეგ კი მეექვსე და მეშვიდე კლასში რუსული ენის მასწავლებლად ვიმუშავე რამდენი ციკლის განმავლობაში. ალბათ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ჩემი მოხალისეობის განმავლობაში. ამ დროისთვის საკმაოდ კარგად ვფლობდი ლატვიურს და განვაგრძობდი დახვეწას მოსწავლეებისა და ჩემი ლატვიელი მეგობრების დახმარებით. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ლატვიური კულტურა ჩეთვის ლამის მშობლიური გახდა და ძალიან ბევრი ფოლკლორული სიმღერა და ცეკვა ვისწავლე ამ 9 თვის განმავლობაში.
ბლოსკენ კი დიდი სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ლატვიური ენის სახელმწიფო გამოცდა ჩავაბარე და A2 დონის დამდასტურებელი სერტიფიკატიც მივიღე. მიყვარს ლატვიური ენის ჟღერადობა და განვაგრძობ მის სწავლასაც და აქტიურად გამოყენებასაც, რაშიც ისევ ჩემი ლატვიელი მეგობრები მეხმარებიან.

ასეთი იყო ჩემი წარმატებული EVS ისტორია (ძალიან მოკლედ) და ამისათვის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა GYE-ის და განსაკუთრებით კი ლიენეს. დიდი მადლობა ასევე ჩემს მიმღებ ორგანიზაციას, ადაჟის თავისუფალ ვალდორფის სკოლას, რომელიც ჩემთვის სამუშაო ადგილიც იყო და სკოლაც, სადაც ბევრი რამ ვისწავლე და ბევრი მეგობარიც შევიძინე.

 ყველას გირჩევთ - სცადეთ EVS!

Giorgi Nadaraia

No comments:

Post a Comment