25 Dec 2018

Tamara's EVS in France


მე ვარ თამარა წერეთელი, 22 წლის და ვმონაწილეობ EVS -ის გრძელვადიან პროექტში, საფრანგეთში, კერძოდ ვმუშაობ სკოლაში, როგორც ინგლისური ენის ასისტენტი და ვცდილობ ინგლისურის სწავლის პროცესი საინტერესოსთან ერთად სასიამოვნოც იყოს მოსწავლეებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სულ სამი თვეა რაც აქ ვარ, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი ცხოვრების ერთერთი ყველაზე საინტერესო, სიახლეებით სავსე პერიოდია. საერთოდაც ამას პროექტის დაწყების პირველივე დღეს აანალიზებ, როცა ახალ და ძალიან განსხვავებულ გარემოში ხვდები, სადაც მართალია ყველა უცხოა, მაგრამ ისეთი კეთილგანწყობილი, რომ მაშინვე ერთი დიდი ოჯახის ნაწილად გრძობ თავს, რასაც ჩვენ, მოხალისეები, ჩვენს EVS ოჯახს ვეძახით.

ქვეყანაში, სადაც დაიბადე და გაიზარდე, სადაც გყავს ოჯახი, მეგობრები, ბევრი ნაცნობი, სადაც უკვე შემოსაზღვრული გაქვს საკუთარი სივრცე და თავს კარგად გრძნობ, ალბათ უფრო რთულია ახალი გამოწვევების მიღება. ამ ყველაფრისგან შორს, უცხო გარემოში გადასახლება კი საკუთარი თავის გამოცდის საუკეთესო საშუალება მგონია, რომ ისწავლო სიახლეების მიღება და ყველა სირთულესთან სრულიად დამოუკიდებლად გამკლავება.
ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ცხოვრებაში შეიძლება დააგროვოს ადამიანმა, პირველ რიგში მოგონებები, მეგობრები და შთაბეჭდილებებია და რა თქმა უნდა, გამოცდილება, რომელიც ამ ყველაფერს თან ახლავს. სწორედ ამიტომ არის EVS ჩემთვის საინტერესო პროექტი, რომ ამ ყველაფრის საშუალებას გაძლევს. გარდა სამუშაოსა, რომელიც ჩემთვის მხოლოდ სასიამოვნო პროცესია, უამრავი დრო გაქვს იმის საკეთებლად, რაც გიყვარს და გაინტერესებს, სამოგზაუროდ (რაც სხვათა შორის, საშინლად მარტივია, როცა ევროკავშირის მოქალაქედ გრძნობ თავს).

ხვდები ბევრ საინტერესო ადამიანს, ეცნობი ბევრ ახალ კულტურას და უკეთესად იაზრებ ევროპული ფასეულობების (ჩვენს ქვეყანაში რაღაცნაირად გაცვეთილი და ზოგისთვის სადავო ფრაზის) მნიშვნელობას. მაგალითად, როცა ისეთ ქვეყანაში ცხოვრობ, სადაც თანასწორობა და ადამიანის უფლებები ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა, ან მაგალითად, სკოლაში, სადაც ყველაზე მთავარი, რასაც მოსწავლეებს ასწავლიან არის ის, თუ როგორ არ უნდა ეშინოდეთ განსხვავებული აზრის ქონის, რომ იყვნენ ტოლერანტულები და უბრალოდ, კარგი მოქალაქეები, სადაც პატივს სცემენ ყველანაირ აზრსა თუ მრწამსს, თუნდაც თავად არ იზიარებდნენ იგივეს, ან უბრალოდ, ყოველთვის გითმობენ ზებრაზე გზას, მერე აუცილებლად გიჩნდება სურვილი, რომ შენს ქვეყანაშიც ჩვეულებრივ ამბად იქცეს იგივე. მეორეს მხრივ, გეძლევა საშუალება წარადგინო საკუთარი ქვეყანა. საქართველო ამ მხრივაც განსაკუთრებულია. პირველად რომ ჩამოვედი, დავრწმუნდი, რომ გეოგრაფიის გაკვეთილი კავკასიის რეგიონსა და კერძოდ, საქართველოზე ყველამ ერთად გამოტოვა, სულ მცირე ქალაქში, რომელშიც ვცხოვრობ (რაც, სხვათა შორის, მხოლოდ მეტი სტიმული აღმოჩნდა ჩემთვის).

საბოლოოდ კი იმის თქმა მინდოდა, თუ რა კარგი პროგრამაა EVS, რომელიც გაძლევს დროსა და საშუალებას სიახლეების, დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისა და მნიშვნელოვანი გამოცდილების მისაღებად. ამიტომ თუ თვლით, რომ მზად ხართ ცვლილებებისთვის, ცხოვრებაში ახალ გამოწვევებს ეძებთ, ან უბრალოდ მოგზაურობასა და სხვადასხვა კულტურების გაცნობაზე ფიქრობთ, შეგიძლიათ თავადვე გადაამოწმოთ.









No comments:

Post a Comment